ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 20 აპრილი 2021, 18:13

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხვდება. როგორც ომბუდსმენმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.

„ვაპირებ ნიკა მელიას მონახულებას. მინდა მასთან საუბარი. ვისაუბრებთ დღევანდელ შექმნილ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ პირველ დღეს ვნახე ნიკა აქ, ციხეში და როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მინდა ვესაუბრო და მისი აზრი გავიგო. მე ვინმეზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. მოვისმენ მის აზრს, შევაფასებ მის მდგომარეობას. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება მოხდეს ეს. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რომელზეც ჩემი მოადგილე საუბრობდა დღეს - სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების, ახალი გარემოებების და საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს. არ ვიცი, როგორ აპირებს ხელისუფლება აღასრულოს შეთანხმების ეს პუნქტი. თუმცა, ბევრი საშუალება არსებობს. პოლიტიკურ სიღრმეებში და მსჯელობებში ვერ შევალ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე ისაუბრა ამნისტიის შესაძლო აქტზე და აღნიშნა, რომ თუ ის არასათანადო მოპყრობაში ბრალდებულ ადამიანებსაც შეეხება, ამ მიმართულებით ომბუდსმენის აპარატს გარკვეული კითხვები ექნება.

„მართალია, მოხდა პოლიტიკური შეთანხმება და მეც მივესალმე, რადგან მიმაჩნია, რომ სწორი იყო ეს შექმნილ ვითარებაში, თუმცა, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით გვექნება გარკვეული შეკითხვები. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე ამნისტიის შეხება იმ ადამიანებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დასჯა სწორედ ამ ჭრილში, ეს შეიძლება იყოს პრობლემატური. გააჩნია, ამნისტია რა მუხლებს შეეხება. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგობაში მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. თუმცა, წინასწარ არ გავაკეთებ შეფასებებს, რადგან არ ვიცი, რა ტიპის შეთანხმების აქტის მიღება იგეგმება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი